პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პირველი შეხვედრა, საბაჟო მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, დასრულდა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, რკინიგზის აღდგენის შესახებ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.

აბაშიძის თქმით, კარასინმა ტატუნაშვილის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ფაქტია და მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

"რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ფაქტია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს თქვა ის, რასაც ველოდი, რომ ამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში", - განაცხადა აბაშიძემ.

ტატუნაშვილის საქმე

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გარდაცვალებიდან 26 დღეში, 20 მარტს გადმოასვენეს. ტატუნაშვილი თითქმის ერთი თვის წინ, 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მხარის ვერსიით, ის იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებდა, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს 24 თებერვალს უნდა გადმოესვენა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ მაშინ პოზიცია შეცვალა.