რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა. ამის შესახებ მან ეკლესიაში, ქადაგებისას ისაუბრა. მეუფემ გაბუნია ეშმაკის მსახურად მოიხსენია და განაცხადა, რომ რუსთავი 2 უნდა გაუქმდეს:

"ახლა მე სასულიერო პირმა რა უნდა ვთქვა ისეთი, მაგრამ საპატიებელი არ არის ეგ ადამიანი, ეგ უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას კი არა, მთლიანად საქართველოს და რაც ჩემი მხრიდან არის - მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ, ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური. საერთოდ ეს ტელევიზია [რუსთავი 2] უნდა გაუქმდეს."

გიორგი გაბუნიამ არჩევანის ეთერში ცენზურაზე საუბრისას მხატვრის, ლია უკლებას ნამუშევარი თვითმკვლელი ღვთისმშობელი განიხილა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ ღვთისმშობელს ხელში სათამაშო თოფი უჭირავს და სინამდვილეში თავს ვერ მოიკლავს და ქრისტესაც მალე გააჩენს. ამას საზოგადოების ნაწილში პროტესტი მოყვა, მათ გაბუნიას გამოთქმა "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფად მიიღეს.

გიორგი გაბუნიას მსგავსი მოტივით აქამდეც დაუპირისპირდნენ. ქართული მარშის წევრებმა მიიჩნიეს, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს" შეურაცხყოფა მიაყენა, როცა 18 მარტს გადაცემა P.S.-ში იესო ქრისტეს ჯვარცმაზე ისაუბრა. მათ რუსთავი 2-თან აქცია გამართეს, სადაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტს დავით ერაძეს სცემეს. მარშის წევრებმა გიორგი გაბუნიას მანქანას ალყა შემოარტყეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ქართული მარშის 6 წევრი დააკავა.