იანვარში მეცნიერებმა საკმაოდ ბოროტი რამ დაასკვნეს - რაც უფრო დიდი წონა გაქვთ დასაკლები, მით უფრო გაგიჭირდებათ ამ წონის დაკლება. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც წონაში დაკლებას ან ჯანსაღი წონის შენარჩუნებას ცდილობენ, ნებისყოფა გადამწყვეტი ფაქტორი არაა. მიზეზი ბიოლოგიური შეიძლება იყოს. ცხიმოვანი ქსოვილების ანთება და ამის შედეგად დარჩენილი ნაიარევი ცხიმის "ჩაბეჭდვას" უწყობს ხელს. ჭარბწონიანობის 2018 წლის ევროპული კონგრესის კვლევა გვიჩვენებს წონაში დაკლების განსხვავებულ მხარესაც, რომელიც, ალბათ, გუგული მაღრაძესაც დააინტერესებს.

კონფერენციის დროს ჩატარებულ პრეზენტაციაში ბირმინგემისა და ამსტერდამის უნივერსიტეტების მკვლევარებმა აჩვენეს, რომ წარსულში მსუქან ადამიანებს გამხდარ ან ამჟამად ჭარბწონიან ადამიანებთან შედარებით საჭმელთან განსხვავებული ურთიერთობა აქვთ. ექსპერიმენტში მეცნიერებმა აღწერეს მონაწილეთა არაცნობიერი რეაქციები პიცისა და შოკოლადის მიმართ, კერძოდ კი ისინი აკვირდებოდნენ კვლევის მონაწილეების გულისცემის სიხშირესა და გამოყოფილი ნერწყვის რაოდენობას. კვლევაში მონაწილეობა 65-მა ადამიანმა მიიღო. 25 მათგანი ჭარბწონიანი იყო, 20 - წარსულში ჭარბწონიანი, ხოლო დარჩენილი 20 მონაწილე გამხდარი იყო. გამოყოფილი ნერწყვის რაოდენობასა და გულისცემის სიხშირეზე დაკვირვების მიხედვით ჭარბწონიან და არაჭარბწონიან ადამანთა რეაქციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყო პიცასა და შოკოლადთან "კონტაქტის" დროს.

ნერწყვის გამოყოფა გემრიელი საჭმლის დანახვით გამოწვეული ფიზიოლოგიური რეაქციაა. როგორც ჩანს, ჭარბწონიანი ადამიანების რეაქცია ასეთი საჭმელებისადმი უფრო ძლიერია, ვიდრე სხვების.

ექსპერიმენტის დროს ჭარბწონიან მონაწილეებს გულისცემა აუჩქარდათ, ხოლო გამოყოფილი ნერწყვის რაოდენობა გაეზარდათ. ჭარბწონიანობის წარმატებით დამძლევმა ადამიანებმა კი საპირისპირო შედეგი აჩვენეს. მონაწილეებს, რომლებიც არასოდეს ჰქონიათ პრობლემა ჭარბ წონასთან, საჭმლისადმი განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუმჟღავნებიათ. ერთი შეხედვით, ეს ექსპერიმენტი უნიჭო კარიკატურას ჰგავს: მსუქან ადამიანებს საჭმელზე დორბლი მოსდით, მაგრამ დროებით გვერდზე გადავდოთ სტერეოტიპები. ფაქტია, რომ ტკბილ და ცხიმიან საკვებს შეუძლია, ტვინში "დაჯილდოების" მექანიზმი გააქტიუროს. იცით, კიდევ რა ააქტიურებს ამ უბნებს? ნარკოტიკი.

მსგავსი კვლევების შედეგად ცხადი არაა ჭარბწონიანობა იწვევს ადამიანის გამძაფრებულ რეაქციას საჭმელზე, თუ პირიქით - საჭმელზე ადამიანის რეაქცია იწვევს ჭარბწონიანობას. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანებს, რომელთაც საჭმელთან ფიზიკური მიჯაჭვულობა აქვთ, უფრო უჭირთ წონის დაკლება.

ამ კვლევას ევოლუციონისტი ფსიქოლოგებიც აკვირდებოდნენ, რომლებიც მიიჩნევენ რომ ჭამით მიღებული სიამოვნება ჩვენი წინაპრების გადარჩენისათვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო, ხოლო თანამედროვე სამყაროში იგი ჭარბწონიანობას იწვევს. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად უფრო მასშტაბური კვლევაა საჭირო, თუმცა ახლანდელი შედეგები ამ მოსაზრებას მეტ-ნაკლებად ამყარებს.