დღეს, 23 მაისს ევროსასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ზეპირი მოსმენა დაასრულა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტს განუცხადა, რომ რუსული მხარე მათ წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაზე და საქართველოს მხრიდან სიყალბის წარდგენაზე მიუთითებდა:

"ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა. არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ".

გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, ამ საქმეს მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვისაც, მათ შორის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის.

აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ, დღეს, 23 მაისს დიდი პალატის 17 მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მანამდე მათ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რუსეთის კონტრარგუმენტები მოისმინეს. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს. ჯერჯეორბით უცნობია, თუ როდის გამოაცხადებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.