პარიზში გატარებული ორი წლის შემდეგ უნაი ემერი ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელი გახდა.

პსჟ-მდე იგი სევილიას წვრთნიდა და ესპანურ კლუბთან ერთად ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპის ლიგა.

არსენალის აღმასრულებელი დირექტორის ივან გაზიდისის თქმით, ემერი ზუსტად ჯდება არსენალის ფილოსოფიაში:

"მას კარიერის განმავლობაში მიუღწევია არაერთი წარმატებისთვის, გაუზრდია არაერთი ტალანტი და გუნდებს ათამაშებდა პროგრესულ ფეხბურთს, რომელიც ზუსტად ჯდება არსენალის ფილოსოფიაში".

უნაი ემერის თქმით კი მას ძალიან უნდა, რომ მეთოფეთა გულშემატკივრებს დაუვიწყარი მომენტები აჩუქოს.

"ჩემთვის პატივია ასეთ გუნდში გადასვლა. არსენალი საკუთარი სტილის გამო მთელ მსოფლიოში ძალიან უყვართ. სტენ და ჯოშ კროენკეს შევხვდი და ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ისინი ძალიან ამბიციურები არიან და გუნდისთვის წარმატების მოტანა უნდათ. მინდა არსენალის გულშემატკივრებს განსაკუთრებული მოგონებები ვაჩუქო", - განაცხადა არსენალის ახალმა მწვრთნელმა.