ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს.

აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ, 23 მაისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავა, თუმცა მანამდე მხარეთა არგუმენტებს მოისმენს. ამ პროცესს მედიამ უკვე უწოდა ისტორიული.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამ წუთებში თავის პოზიციას აფიქსირებს ქართული მხარე. სხდომა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის ბრიტანელი ბენ ემერსონის გამოსვლით დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლებას იუსტიციის სამინისტრო ორ ბრიტანელ ადვოკატთან ერთად წარმოადგენს. საქართველომ 700-ზე მეტი მტკიცებულება წარმოადგინა.

"ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება", -განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ.

სტრასბურგის სასამართლოში, ისტორიულ პროცესზე დასასწრებად სტუდენტები და ქართველი ექსპერტებიც იმყოფებიან.