დრო სწრაფად გადის და ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ ერთი წამით მაინც მოიცლით და წარსულში გაიხედებით. ოცი ან ცოტა მეტი წლის წინ, ყველაფერი სხვაგვარად იყო, ტექნოლოგიების განვითარებამ კი წარსულის ნიშნები თითქოს წაშალა და დღეს სულ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ციფრული სამყაროს გავლენა ფაქტობრივად ყველა სფეროს დაეტყო, მთავარი შედეგი კი სხვადასხვა მომსახურების თუ ინფორმაციის მიღების გამარტივებაა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორმა უდიდესი გავლენა მოახდინა სპორტზეც. ადრე, წინა დღის ინფორმაციის გასაგებად ჯიხურის რიგში დგომა იყო საჭირო. ახლა კი მხოლოდ ერთი კლიკია საკმარისი, იმისთვის, რომ ყველაზე ახალი, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია გაიგო.

დღესდღეობით, სპორტული ინფორმაციის გავრცელების ყველაზე პოპულარული წყარო, სხვადასხვა საინფორმაციო პორტალთან ერთად, ცოცხალი ანგარიშების საიტებია. ცოცხალი ანგარიშების პირველი საიტი დაახლოებით 20 წლის წინ შეიქმნა, ძალიან მალე კი რამდენიმე ანალოგიც გამოჩნდა ბაზარზე. ამ საიტებმა განვითარების გრძელი და შრომატევადი პერიოდი გაიარეს: გაამრავალფეროვნეს არსებული ინფორმაცია და დახვეწეს მისი სწრაფად და ზუსტად მიწოდების გზა. თავდაპირველად, ეს პორტალები მხოლოდ ანგარიშებს გვაცნობდნენ, დროთა განმავლობაში თამაშის მსვლელობისას მომხდარი ნებისმიერი მოვლენის ასახვა დაიწყეს. დროთა განმავლობაში, ცოცხალი ანგარიშების პორტალები სულ უფრო და უფრო მეტად დაემსგავსნენ ერთმანეთს. ეს ფაქტორი აისახა როგორც დიზაინზე, ისე კონტენტზე. დღესდღეობით, ცოცხალი ანგარიშების პორტალები ფაქტობრივად ერთსა და იმავე ინფორმაციას აწვდიან მომხმარებელს, განსხვავება კი მხოლოდ აწ უკვე მოძველებული და შეუხედავი დიზაინით იგრძნობა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ძლიერი ინდუსტრია ფაქტობრივად ერთ ადგილზეა გაყინული, მომხმარებელი კი ისე მიეჩვია ყველაფერს, რომ სიახლის მოლოდინი აღარც აქვს. როგორ ფიქრობთ, იქნებ მოვიდა ცვლილებების დრო?