მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, მერაბ მეტრეველმა, ბრიფინგი გამართა, სადაც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მერაბ მეტრეველის განცხადებით, დაზარალებული ჯავოევების ოჯახი მეორე კატეგორიას მიეკუთვნება და ავტომატურად ეკუთვნის კომპენსაცია.

"ჯავოევების ოჯახი არის ერთ ერთი დაზარალებული, რომელიც სტიქიური უბედურების დროს დაზარალდა და სახლი დაეტბორა. მერიამ ოჯახი ქირით გაასახლა უკვე ერთი წელია, თუმცა მალე მათ სახლში დაბრუნებას და იქ ცხოვრებას აიძულებენ. აქამდე დაზარალებულ ოჯახს კომპენსაციას ჰპირდებოდნენ, თუმცა, ბოლო დროს, ოჯახის მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობებში მათთან კონტაქტზე ყველა უარს აცხადებს და არც კომპენსაციის გადახდას აპირებენ" - აცხადებენ პაატა ბურჭულაძის პარტიაში.

პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ინფორმაციით, ჯავოევების ოჯახს გააჩნია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური დასკვნა, სადაც წერია რომ ოჯახი ცხოვრობს წყალმოვარდნის ზონაში. ასევე არსებობს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული დოკუმენტი სადაც დაფიქსირებულია, რომ ჯავოევების სახლი მდებარეობს სტიქიური უბედურების ზონაში და იქ ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია.

"ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის დროს 26 მილიონამდე ლარი შეგროვდა, საიდანაც გახარჯულია 16 მილიონი, საინტერესოა რა ბედი ეწია დანარჩენ 10 მილიონს, რომელიც ყველა დაზარალებულის დასახმარებლად უნდა გაიხარჯოს?" - აცხადებს პარტია.

სახელმწიფო ხალხისთვის ინფორმაციით, ისინი თვეების განმავლობაში ახორციელებდნენ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ადვოკატირებასა და მათთვის განკუთვნილი თანხების ხარჯვითი ნაწილის მონიტორინგს.

"დღემდე არიან ისეთი ოჯახები, რომელებიც დაზარალდნენ, თუმცა ისევ სტიქიური უბედურების ზონაში უწევთ ცხოვრება" - აცხადებს მოძრაობა.

პარტია სახელმწიფო ხალხისთვის, მოუწოდებს მერიას, დაუყოვნებლივ მოაგვაროს ამ ადამიანების პრობლემები და მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ნუ დააყენებს.