საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 2018 წლის 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი ექსპო ჯორჯიას ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე
დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუსქვეყანა გერმანიაა. ფესტივალის ისტორიაში პირველად იღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდი დელეგაციით ესტუმრება. ფესტივალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს - ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას უმასპინძლებს, რომლებიც გამართავენ სხვადასხვა ღონისძიებას და შეხვდებიან მკითხველებს. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება.

წელს ფესტივალზე დარეგისტრირებულია 70-მდე მონაწილე, რომლებიც წიგნის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ. უკვე დაგეგმილია 100-მდე ღონისძიება, მათ შორის, ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, პანელ-დისკუსიები და კონცერტები. ამას გარდა, გამოავლენენ საუკეთესო ბლოგერებს, მოეწყობა კოსტუმირებული კარნავალი და, რაც მთავარია, წარადგენენ სპეციალურ სტუმრებს. საქართველოში ჩამოვლენ და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალი, დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი, ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი, ნორვეგიული გამომცემლობის კაპელენ დამის რედაქტორი ბერნარ ლ. მორი და გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარატიშვილი. საპატიო სტუმრის სტატუსით ფესტივალს "გიკი გოგოს" ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა.