იტალიელი მსახიობი, აზია არჯენტო, კანის კინოფესტივალზე სიტყვით წარსდგა და კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრეებს, რომ ქალზე ძალადობა დაუშვებელია. მისი თქმით, სწორედ ეს გამოსცადა მან 1997 წელს, როდესაც კანში ყოფნისას გააუპატიურეს.

"1997 წელს, მე აქ, კანში ყოფნისას, ჰარვი ვაინშტაინმა გამაუპატიურა. 21 წლის ვიყავი. კანის კინოფესტივალი კი მისი სანადირო მოედანი იყო. მინდა ერთი რამ ვიწინასწარმეტყველო, მას კანში აღარასდროს მიიწვევენ. ის უარყოფილი და შერცხვენილი იქნება კინოსაზოგადოების მიერ, იმ ქმედებების გამო, რაც ჩაიდინა.

და ამ ღამითაც, თქვენს შორის სხედან ადამიანები, რომლებიც თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგონ. იმ ქმედებების გამო ქალების მიმართ, რაც ამ ინდუსტრიაში დაუშვებელია. ქალზე ძალადობა ნებისმიერ სამუშაო ადგილზე დაუშვებელია. თქვენ იცით, ვისზეც ვსაუბრობთ. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიცით, ვინ ხართ თქვენ, და უფლებას არ მოგცემთ, ამ დანაშაულით კიდევ დიდხანს იცხოვროთ".

ვაინშტაინის საქმე ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი სკანდალია. 90-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში. მის საქმეს ლოს-ანჯელესის, ბევრლი ჰილზის, ნიუ-იორკისა და ლონდონის პოლიცია იძიებს.

თავად ვაინშტაინი უარყოფს, რომ ქალებთან სექსუალური ურთიერთობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ჰქონდა.