ხვალ დღის მეორე ნახევარში თეთრი ხმაურის მოძრაობის სამომავლო გეგმები გახდება ცნობილი. ამის შესახებ თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.

აქტივისტების თქმით, აქციების გაგრძელება დღის წესრიგში დგას.

"ჩვენ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმია და მძიმე ვითარებაა ბევრი კუთხით. მინისტრმა ბოდიში მოიხადა, თუმცა რისთვის გაუგებარია, შს მინისტრი შევიდა მოქალაქეებთან ომში და ჩვენ ხვალისთვის კონკრეტულ გეგმას წარმოვადგენთ", - აცხადებენ თეთრი ხმაურის მოძრაობაში.

ბექა წიქარიშვილის თქმით, პრობლემა იმაზე დიდი და სერიოზულია, ვიდრე შსს-სთან მოლაპარაკებები.

"პრობლემა დავიდა დემოკრატიის საფრთხეზე და დავიდა იმაზე, რომ პოლიტიკური სისტემა ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ვიმყოფებით დაპირისპირების სცენარების რეჟიმში, რომელსაც ადასტურებს ეს სისტემა, ნაცვლად იმისა, რომ უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მისი თქმით, თხმ-ს გზავნილი არის ის, რომ "გავერთიანდეთ და ვაჩვენოთ პოლიტიკურ სისტემას, რომ ძალაუფლება ეკუთვნით ადამიანებს".

"ეს არ იქნება მხოლოდ აქციები ეს არის გრძელვადიანი სამუშაო, რომელსაც გავაგრძელებთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით", - განმარტა ბექა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილის თქმით, თეთრი ხმაური გააგრძელებს შეხვედრებს შსს-სთან ნარკოპოლიტიკის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, თუმცა სამომავლოდ დაგეგმავს აქტივობებს მათ შორის აქციებსა და საინფორმაციო კამპანიებს.

წიქარიშვილის თქმით, აქციების ფორმატი და შინაარსი მოგვიანებით დაზუსტდება და გასაჯაროვდება.

თეთრი ხმაურის მოძრაობა მოითხოვს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდეს, რომელიც ეროვნულმა პლატფორმამ დაარეგისტრირა და არა იუსტიციის სამინისტროს ვერსიის, რომელიც მათი თქმით, მავნებლური კანონპროექტია.

გაიგე მეტი: ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები - მოკლედ