აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. მისივე განმარტებით, საქართველომ ევროატლანტიკური მისწრაფება 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დააფიქსირა.

დღეს, 21 მაისს საქართველოს პრემიერო, გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პომპეოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

პრესკონფერენციაზე მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, ასევე, გმობს რუსეთის აგრესიას.

"რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წელი სრულდება. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა დაა ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის მთავარ პრინციპებსა და ჰელსინკის აქტს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია", - პომპეოს განცხადების თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია