22 მაისს, 19 საათზე მეტროსადგურ რუსთაველთან მეტროს თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი და აუდიტორია 115 არიან.

მათ მიაჩნიათ, რომ მეტროს თანამშრომლების გაფიცვა სამართლიანია, რადგან მოლაპარაკებების მიუხედავად მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

"აქციის ორგანიზატორები ვუერთდებით მეტროს თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნას, რამდენადაც მათი მოთხოვნები არის სამართლიანი და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

მეტროს თანამშრომლები გაფიცვას 3 მაისს გეგმავდნენ, თუმცა მათ ეს უფლება სასამართლომ ერთი თვით შეუჩერა. სასამართლომ ამ შეზღუდვის შესახებ განჩინება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

"სასამართლომ კომპანიის მიმართვა იმავე დღეს დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისათვის საფრთხეს შექმნიდა", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

ამავე თემაზე: