სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფაშისტური ორგანიზაცია ეროვნული ერთობა წერილობით გააფრთხილა, რომ ფაშისტური სიმბოლიკა არ გამოიყენოს.

როგორც უწყებამ On.ge-ს უთხრა, ორგანიზაცია "თავისუფლების ქარტიის" კომისიამ გააფრთხილა. კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ქუჩებზე ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია. კანონდარღვევის შემთხვევაში პირველ ეტაპზე არის გაფრთხილება, ხოლო შემდეგ ათასლარიანი ჯარიმა.

გუშინ, 17 მაისს შსს-მ ფაშისტური დაჯგუფების ორი წევრი აქციიდან გამოკითხვაზე წაიყვანა. უწყებამ საქართველოს ეროვნული ერთობის მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

უწყების განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ერთობის მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

13 მაისს აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" პარალელურად ნეო-ნაცისტური და ფაშისტური ჯგუფების კონტრაქცია დაიგეგმა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსულ კლუბური მუსიკის ხმას ისინი გინებას, ჰომოფობიურ გამონათქვამებსა და შეურაცხმყოფელ სიტყვებს უპირისპირებდნენ.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით შსს-ს საახალხო დამცველმაც მიმართა. ომბუდსმენი განმარტებით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა "ჩვენი თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მუქარას, ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს.