თავისუფალ სტილში თხილამურითა და სნოუბორდით სრიალის 2023 წლის ჩემპიონატი საქართველოში, ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"2023 წელს საქართველოში, დაბა ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენაა, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და საქართველოს მთის კურორტებით ტურისტების დაინტერესებას", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ტექნიკური შემოწმებისთვის, ქვეყანას გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენჯერმე ეწვია.