ქართულმა მარშმა თანასწორობის მოძრაობის აქციის გაუქმების შემდეგ მსვლელობაზე უარი თქვა. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ On.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაიგეს, რომ თანასწორობის მოძრაობის დაანონსებული აქცია აღარ გაიმართებოდა. ქართული მარში ადამიანების გაერთიანებაა, რომელიც აგრესიით გამოირჩევა უმცირესობების მიმართ.

"სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების მიზნით, მე გავუკეთე შეთავაზება [თანასწორობის მოძრაობას], გამოგვეჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგბელობა და თუ ისინი გააუქმებდნენ აქციას, ჩვენც იმავეს ვიზამდით", - ამბობს ბრეგაძე.

თანასწორობის მოძრაობამ გუშინ, 16 მაისს დაანონსებული აქცია გააუქმა. მოძრაობაში აცხადებდნენ, რომ მიზეზი აქციაზე მყოფთა უსაფრთხოება იყო.

"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების, საერთო დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.