შსს-მ ფაშისტური დაჯგუფების ორი წევრი 17 მაისის აქციიდან გამოკითხვაზე წაიყვანა. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. სხვა დეტალებს უწყებაში არ ასაჯაროვებენ. ერთ-ერთი მათგანი ფაშისტური მოძრაობის ასმეთაური, თორნიკე ვაშაკიძე, მეორე კი თორნიკე ღუტიძეა.

ორივე მათგანი ფაშისტური მოძრაობის საქართველოს ეროვნული ერთობის წევრები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნული ერთობის მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

უწყების განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ერთობის მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

13 მაისს აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" პარალელურად ნეო-ნაცისტური და ფაშისტური ჯგუფების კონტრაქცია დაიგეგმა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსულ კლუბური მუსიკის ხმას ისინი გინებას, ჰომოფობიურ გამონათქვამებსა და შეურაცხმყოფელ სიტყვებს უპირისპირებდნენ.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით შსს-ს საახალხო დამცველმაც მიმართა. ომბუდსმენი განმარტებით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა "ჩვენი თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მუქარას, ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს.