სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, 17 მაისს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ლგბტ ადამიანების და მათი მხარდამჭერების უფლებების განხორციელებას, რათა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში აღნიშნონ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ძალადობისაგან დაცლილი, თანასწორუფლებიანი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება:

"სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს სწორედ ლგბტ ადამიანები წარმოადგენენ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებენ მათ მიერ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენებას, როგორიცაა განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა სფეროში მომსახურების მიღებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება".

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს უკავშირდება.