ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც კიევში უნდა გაიმართოს, ლიგის თასი უკრაინის სხვადასხვა ადგილას ჩამოატარეს. იგი იხილეს კიევის, მარიუპოლის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ოდესის, ლვოვისა და სხვა ქალაქების მაცხოვრებლებმა.

"ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრწყინვალე იდეაა, რადგან თასი მხოლოდ დიდმა ქალაქებმა არ უნდა ნახონ. ეს ახალგაზრდების მხრიდან სპორტით დაინტერესებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ.

თუმცა, როგორც გაირკვა, თასი მხოლოდ გულშემატკივრებისა და ოფიციალური პირების ხელში არ აღმოჩნდარა. მაგალითად, ანდრეი პაველკოსთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფმა ქალმა ინსტაგრამზე შემდეგი ფოტო ატვირთა:

ამის შემდეგ ექაუნთს სახელი შეუცვალეს, ყველა პოსტი კი წაშალეს.

ჩემპიონთა ლიგის თასი ეკლესიაშიც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ UEFA მუდმივად ცდილობს ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობისგან დისტანცირება მოახდინოს.

ფოტო: sports.ru

ჩემპიონთა ლიგის თასის უკრაინულ ვოიაჟზე UEFA-ში საკმაოდ მოზომილი კომენტარი გააკეთეს:

"ჩვენ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას დავუკავშირდით და შევახსენეთ თასის გამოყენებისთვის საჭირო რეკომენდაციები. მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ".

ინტერნეტმომხმარებლები და ბლოგერები კი აღნიშნავენ, რომ თასი სათამაშო არ არის და რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ევროპულ ფეხბურთს პატივი უნდა სცეს.