ჩრდილოეთ კორეამ გააუქმა ოთხშაბათისთვის დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ და სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას, BBC ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მაუწყებელმა განაცხადა, რომ წვრთნები წარმოადგენდა პროვოკაციას და სამხედრო შეჭრისთვის მზადებას.

მათ აშშ-ს წარმომადგენლებს ურჩიეს მოუფრთხილდნენ კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამომავლო ისტორიული სამიტის ბედს, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში გაიმართება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ ემზადებიან სამიტისთვის და არ იციან ჩრდილოეთ კორეის პოზიციის რაიმე ცვლილების შესახებ.

მაინც რა გააუქმა ჩრდილოეთ კორეამ?

დაგეგმილი მოლაპარაკება სამხრეთ კორეასთან წარმოადგენდა 27 აპრილს ჩატარებული სამიტის შემდგომ შეხვედრას.

შეხვედრის შესახებ შეთანხმება წინა კვირას მიაღწიეს. შეხვედრის ადგილად შეირჩა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სოფელი პანმუნჯონი, რომელსაც ხშირად "ზავის ქალაქს" უწოდებენ.

წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ ისტორიულ სამიტზე მიღწეული შეთანხმების დამატებითი დეტალების განხილვა, რაც მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნახევარკუნძულის ბირთული განიარაღება და 1953 წლის ომის შემდეგ დადებული ზავის სამშვიდობო შეთანხმებით ჩანაცვლებას.

სხვა საკითხები, რომლებზეც ლიდერები შეთანხმდნენ გახლავთ:

  • ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის შორის "მტრული ქმედებების" შეწყვეტა;
  • დემილიტარიზებული ზონის "სამშვიდობო ზონად" გარდაქმნა და პროპაგანდისტული მაუწყებლობის შეწყვეტა;
  • შეიარაღების შემცირება რეგიონში სამხედრო დაძაბულობის შემცირების მოლოდინში;
  • ოთხმხრივი მოლაპარაკების მოწყობა, რომელშიც ჩართული იქნება აშშ და ჩინეთი.

კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.

რამ გამოიწვია ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება?

აშშ-სა და სამხრეთ კორეის საერთო სამხედრო წვრთნებს ხშირად განურისხებია ჩრდილოეთ კორეა.

წარსულში საპასუხოდ იმუქრებოდნენ "სრული იერიშითა" და წვრთნებს აფასებდნენ როგორც "ცეცხლზე ნავთს დასხმას".

ბოლო წვრთნა - ცნობილი, როგორც "დიდი ქუხილი" - მოიცავდა 100 სამხედრო თვითმფრინავს, მათ შორის ბ-52 ბომდამშენებს და ფ-15კ მოიერიშეს.

ჩრდილოეთმა წვრთნები შეაფასა, როგორც პროვოკაცია და მომავალი სამხედრო შეჭრისთვის მზადება, რაც აქამდეც განუცხადებიათ. მაგრამ აშშ და სამხრეთ კორეა ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ წვრთნები მხოლოდ თავდაცვით მიზანს ემსახურება და ემყარება 1953 წელს დადებულ საერთო თავდაცვის შეთანხმებას. მათ ასევე განაცხადეს, რომ წვრთნები აუცილებელია გარე შეტევის მზადყოფნისათვის.