თეთრი ხმაურის მოძრაობის ლიდერის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, შს მინისტრთან დღევანდელი შეხვედრით უკმაყოფილოა და მისთვის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს-ს არგუმენტები მიუღებელია.

მისივე თქმით, თუ დამტკიცდა, რომ 12 მაისის სპეცოპერაციისას იყო გადაცდომები შსს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს.

დღეს, 15 მაისს შს მინისტრ გიორგი გახარიასთან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. მინისტრის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ მისი მოადგილე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას.

წიქარიშვილის განმარტებით, მას უფრო მეტი კითხვა ჰქონდა ბასიანის გარე პერიმეტრზე პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით.

12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სპეცოპერაციას წინ 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებები უძღვოდა და მათ ნარკორეალიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

როგორც მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, ბასიანსა და გალერიში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა და პოლიციის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ლეგიტიმური იყო. მისივე განმარტებით, პოლიცია მოქმედებდა კანონის ჩარჩოებში.

გაიგეთ მეტი: