სახალხო დამცველი ეხმიანება 2018 წლის 13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის "ჩვენი თავისუფლებისთვის" პარალელურად მიმდინარე ქართული მარშისა და სხვა ნეო-ნაცისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ.

ომბუდსმენი განმარტებით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა "ჩვენი თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მუქარას, ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს.

"გავრცელდა ინფორმაცია რუსთავი 2-ის ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის შესახებ. ასევე, ნეონაცისტური დაჯგუფების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი იწყებენ სამოქალაქო გვარდიის რაზმების ჩამოყალიბებას", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრება და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი:

"დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ისეთი მოწოდებები, რომელიც არის ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის მათი განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს. ასევე, ხელისუფლებას შეუძლია შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტა, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას, აუცილებელია, შესაბამის პირთა ქმედებით ზიანი არ მიადგეს სხვა ადამიანთა უფლებებს, საფრთხე არ შეუქმნან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას".

სახალხო დამცველი მიუთეთბს ვიდეოზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ კონტრაქციის აქტივისტმა აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალს სახეში დაარტყა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოავლინოს 13 მაისის კონტრაქციის დროს შესაძლო ყველა დანაშაულებრივი ქმედება.

გაიგეთ მეტი: