მთავრობამ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. სამუშაო შეხვედრა დღეს, 15 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის დაპირებით, 3 წელში უნდა გაორმაგდეს სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ერთ-ერთ ფაქტორი, რის გამოც დაიწყეს ამ თემაზე მუშაობა ისაა, რომ ბოლო პერიოდში, ნარკოტიკებს ზედოზირების გამო ორჯერ მეტად მიმართავენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების.

კვირიკაშვილის თქმით, დღეიდანვე დაიწყება მუშაობა, როგორც ცალკე მდგომი, ასევე განათლების სისტემაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შესაფასებლად.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურა იქნება ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის - ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის:

"შემუშავდება ამ ინფრასტრუქტურის მართვის, სუბსიდირების სპეციალური პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე - სოციალური კუთხით".

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სპორტული აქტივობების მიხედვით, საქართველოში საშუალო ევროპული მაჩვენებლის ნახევარიც არ არის:

"ჩვენი ინფრასტრუქტურის 80% სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20%-ია კერძო და ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის ერთიანი მართვის მოდელზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ცნობილი ადამიანების ჩართულობა, კამპანია, კონკრეტული აქტივობები, მათ შორის ყოველ შაბათ-კვირას და, რა თქმა უნდა, ბიზნესის, საქმიანი წრეების ჩართულობა".

მთავრობის მეთაურთან სამუშაო შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თბილისის მერი დაესწრნენ.