საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აჭარის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ის საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს, რომლის შედეგად მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს.

მიწის აზომვის ერთიანი სტანდარტი

ცვლილებების შედეგად, ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი.

საამზომველო საქმიანობისათვის დადგინდება მომსახურების საფასური (ნიხრები). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე.

სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი სამ თვეში შეიქმნება, ხოლო სერტიფიცირება შეეხება იმ ამზომველებს, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს „გადაფარვებისა“ და საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკს; ამასთან, მთავრობა შეიმუშავებს მიწის გარკვეული ფართობის აზომვის საფასურის დაფინანსებისათვის შესაბამის მექანიზმს.

საკუთრების დამადასტურებელი საბუთები

ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება.

უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა − ვეღარ შეუშლის ხელს მიწის რეგისტრაციას, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება.

საჯარო რეესტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.

გარდა ამისა, ფაქტების კონსტანტაციის საფუზველზე ლეგალიზდება ხარვეზიანი დოკუმენტაციები. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი.

დავების მოგვარება

მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად − სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება.

დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი − ისარგებლოს მედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.

აღნიშნული კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის და საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება.