შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში ბექა წიქარიშვილი, ნაჯა ორაშვილი, ვახუშტი მენაბდე და სოფო ვერძეული ხვდებიან. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

შს მინისტრმა ტელე იმედის ეთერითა განაცხადა, რომ მზად არის პარლამენტთან მივიდეს, აქციის მონაწილეებს შეხვდეს და 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხოს.

პარლამენტთან აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" ორგანიზატორები 12 მაისის მოვლენების შემდეგ პრემიერ-მინისტრისგან კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ. გუშინ კი ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა 13 მაისს საგანგებო ბრიფინგზე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განმარტება არ გააკეთა. მან საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

12 მაისს გვიან ღამით კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაციის პარალელურად დაპირისპირება იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 50-მდე პირი, ისინი გუშინ დილითვე გაათავისუფლეს.

სპეცოპერაციაზე განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, სპეცოპერაცია ღამის ეკონიმიკას და კლუბურ მუსიკას ზიანს არ მიაყენებს.