სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 12 მაისს, გვიან ღამით ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბში. ამის შესახებ ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მას ამის შესახებ თვითონ დაკავებულებმა განუცხადეს.

12 მაისს ღამის პირველ საათზე შსს-ს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია დაიწყო. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

დაპირისპირება მოხდა ბასიანთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. პოლიცია ძალის გამოყენებით მოქალაქეების დაშლას ცდილობდა. იყვნენ დაშავებულები, რამდენიმე ადამიანი კი დააკავეს.

ამის შემდეგ სპეცოპერაციის საპროტესტო აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციამ, ასევე, მოქალაქეების დარბევა დაიწყო. ადმინისტრაციული წესით დაკავებული 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.

შსს-ს განცხადებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში.

უწყების განმარტებით, სპეცოპერაცია იმ დროს დაიწყო, როდესაც კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება უნდა მომხდარიყო.