საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე.

აქციის მონაწილეების ნაწილმა დეპუტატს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან.

რომან გოცირიძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეების ნაწილმა დეპუტატი უკან დააბრუნა, მათი პოზიციით, ახლა ყველა საქართველოს პარლამენტთან უნდა მოვიდეს და აქტივისტებს მხარი დაუჭიროს.

პარლამენტის შენობის წინ კვლავ რჩებიან დემონსტრანტები. ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს პოლიცია და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.

საქართველოს პარლამენტთან მდგომარეობა ისევ დაძაბულია.