ყოველ წელს შოკოლადის დასამზადებლად საჭირო კაკაოს მოსავალის 20-30% დაავადების გამო ნადგურდება. ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი კლიმატის ცვლილებას მიუძღვის.

კაკაოს ხე საკმაოდ მგრძნობიარე მცენარეა, რომელსაც გაზრდისთვის ძალიან სპეციფიკური პირობები სჭირდება: სტაბილური ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა, უხვი ნალექი და აზოტის შემცველი ნიადაგი. ასეთი პირობები ამჟამად განაში, კოტ-დ'ივუარში და ინდონეზიაში გვხვდება, რის გამოც ისინი შოკოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქვეყნები არიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული შოკოლადის ნახევარზე მეტის წარმოება სწორედ დასავლეთ აფრიკის ორ ქვეყანაში ხდება. ამის გამო შოკოლადის ინდუსტრია კლიმატის მცირე ცვლილებების მიმართაც კი ძალიან მოწყვლადია. გარკვეული კლიმატური მოდელები მიუთითებს, რომ 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა აღნიშნულ ქვეყნებში შოკოლადის მოყვანა შეუძლებელიც კი გახადოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე შოკოლადი გაქრება, თუ აღნიშნული ქვეყნები კაკაოს მოყვანისთვის გამოუსადეგარი იქნება, მას სავარაუდოდ სხვა ქვეყნები ჩაანაცვლებენ.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, კაკაოს ხის მოყვანა სპეციალურად შექმნილ სათბურებშიც შეიძლება. მართალია, შოკოლადი შეიძლება გაძვირდეს, მაგრამ კაცობრიობა მის გაქრობას არ დაუშვებს.

შოკოლადის წარმოება მრავალმილიარდიანი ინდუსტრიაა, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანია დასაქმებული. მეცნიერები კაკაოს ხეების მოდიფიცირებაზე უკვე მუშაობენ, რაც მათ დაავადებებისადმი გამძლეობას მიანიჭებს.

"დასავლეთ აფრიკაში სოკოვანი დაავადებების გავრცელებას შეუძლია ფერმაში კაკაოს მთლიანი მოსავლის განადგურება. იმის გამო, რომ მსგავსი დაავადებები კაკაოსათვის მუდმივი პრობლემაა, მკვლევარებისთვის პრიორიტეტულია კაკაოს გამძლეობის გაზრდა გენმოდიფიცირების მეშვეობით" - წერს მეცნიერი ენდრიუ ფისტერი. პრობლემის გადასაწყვეტად ფისტერის გუნდი იყენებს CRISPR-cas9 ტექნოლოგიას, რომელიც დნმ-ში საჭირო კორექციების შეტანის საშუალებას იძლევა. ამ ტექნოლოგიას როგორც მედიცინაში, ასევე საკვებ ინდუსტრიაში იყენებენ. პირველადი ცდები უკვე ჩატარდა და შედეგები იმედს გვაძლევს, რომ მოდიფიცირებული კაკაოს ხეები კლიმატურ ცვლილებებს უკეთ გაუძლებენ.

ადრეული ცდებისას მკვლევარებმა კაკაოში აღმოაჩინეს გენი სახელად TcNPR3, რომელიც მცენარის ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს. გენის "წაშლის" შემდეგ, შეცვლილი ფოთლები დაავადებებისადმი უფრო გამძლენი გახდნენ და ცდა საბოლოო ჯამში წარმატებული გამოდგა.

მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ მეცნიერული პროგრესი შოკოლადს განადგურებისგან დაიცავს.