სომხეთის ახალი პრემიერი ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ მან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ეროვნული ინტერესების დასაცავად", - ამბობს პაშინიანი და ამატებს, რომ მისი გუნდი მზადაა მოლაპარაკებებისთვის.

პრემიერის თქმით, ის აზერბაიჯანთან დიალოგში სომხეთის რესპუბლიკის სახელით ჩაერთვება, მაგრამ არწახის რესპუბლიკას საკუთარი ოფიციალური წარმომადგენელი ეყოლება.

სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციისა" და აქციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩიეს.

ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე - რა ხდება ყარაბაღში?

მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. ყარაბაღი მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, 1920-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა ხელისუფლებამ აქაც გამოიყენა რეგიონში აპრობირებული, ე.წ. დაყავი და იბატონეს პრინციპი და ეთნიკურად სომეხი უმრავლესობით დასახლებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანა როგორც ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა.

ეთნიკურად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირებამ პიკს 1988 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მიაღწია. ადგილობრივმა პარლამენტმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღი სომხეთს უერთდებოდა, რასაც სამხედრო დაპირისპირება მოყვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აქტიური საომარი მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა, რასაც დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 1 მილიონი ეთნიკურად აზერბაიჯანელი კი დევნილად იქცა.

1994 წელს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად ამისა, მცირე შეტაკებები მას შემდეგ რეგულარულად ხდებოდა. ამჟამად მთიან ყარაბაღს ეთნიკურად სომხები აკონტროლებენ, რომელთაც ზურგს სომხეთი უმაგრებს. გარდა ამისა, მათ ოკუპირებული აქვთ აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი, ე.წ. ბუფერული ზონა, რითაც მთიანი ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.