ედინბურგის უნივერსიტეტის პალეონთოლოგებმა უზბეკეთში, ყიზილყუმის უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც სახელად Timurlengia euorica დაარქვეს.

ახალი სახეობა დედამიწაზე ცარცულ პერიოდში 90 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და ტირანოზავრის მონათესავე ცხოველი იყო.

მისი თავის ქალა ტირანოზავრზე მომცროა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ზომაში საგრძნობლად პატარა იყო. თუმცა, როგორც მეცნიერები აცხადებენ, მისი ტვინი და ინტელექტი მაღალ დონეზე იყო განვითარებული.

მონათესავე სახეობის მსგავსად Timurlengia მტაცებელი იყო და ბალახისმჭამელ დინოზავრებზე ნადირობდა.

ტირანოზავრების პირველი სახეობა დედამიწაზე 170 მილიონი წლის წინ, იურიულ პერიოდში ბინადრობდა და ადამიანის სიმაღლე იყო. ცარცული პერიოდის ტირანოზავრები კი უკვე დიდი ზომის მტაცებლები იყვნენ.