თბილისში, იოსებ გრიშაშვილის 41 ნომერში, ცნობილი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის, ნარიმან ნარიმანოვის განახლებული მუზეუმი გაიხსნა. ახალი მუზეუმის აშენება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინვესტორის გადაწყვეტილებით, 2007 წელს, მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ნარიმანოვის სახლ-მუზეუმი დაინგრა.

"მირზა შაფის ქუჩაზე არსებულ იმ სახლში, სადაც ნარიმან ნარიმანოვი დაიბადა, სახლ-მუზეუმი 1982 წელს გაიხსნა. 2007 წელს მირზა შაფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და რადგან მუზეუმის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, დაანგრიეს", - ამბობს მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა.

მუზეუმის ახალ, 2-სართულიან შენობაში წარმოდგენილია ნარიმან ნარიმანოვის პირადი ნივთები, ხელნაწერები, წერილები, წიგნები და ფოტოები, რომლებიც მის ცხოვრებას და საქმიანობას აღწერს.

ნარიმან ნარიმანოვი თბილისში, კერბალაი ნაჯაფისა და ხალიმი-ხანუმის ღარიბ აზერბაიჯანულ ოჯახში 1870 წლის 2 აპრილს დაიბადა. ცხრაშვილიან ოჯახში ის ყველაზე უმცროსი იყო. 1890 წელს ნარიმანოვმა გორის სემინარია დაამთავრა. სემინარიის დამთავრების შემდეგ ის მაშინდელი ბორჩალოს მაზრის (ამჟამინდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის) სოფელ ყიზილ-აჯლოს სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1891 წელს ნარიმან ნარიმანოვი ბაქოში გადავიდა და თავიდან პროგიმნაზიაში, ხოლო შემდეგ ბაქოს ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა. ნარიმან ნარიმანოვი პროფესიით ექიმი იყო. მან 1902 წელს დაამთავრა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. თუმცა, ის ცნობილი თავისი საგანმანათლებლო და პუბლიცისტური მოღვაწეობით გახდა. მისი ინიციატივით გამოვიდა გაზეთი თაზა ხაბარი (ახალი ამბავი) და ჟურნალი მაქთაბი (სკოლა).

თბილისელი მამედ ისაევი დადებითად აფასებს მუზუმის გახსნას: "საქართველოში ბევრი ცნობილი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეა დაბადებული. მათ შორის არის ნარიმან ნარიმანოვიც. ნარიმანოვმა ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და საქართველოში მისი სახლ-მუზეუმი აუცილებლად უნდა ყოფილიყო".

აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორი, შახინ აგაევი ამბობს, რომ ნარიმანოვის მუზეუმის არსებობის შესახებ მირზა-ფათალი ახუნდოვის მუზეუმში ყოფნისას შეიტყო და მისი მონახულება გადაწყვიტა: "ადამიანი, რომელსაც ნარიმან ნარიმანოვის ცხოვრება და მოღვაწეობა აინტერესებს, აქ მისთვის საინტერესო ბევრ ამბავს გაიგებს. მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაზე ბევრი რამ ვიცოდი, ახლა გავიგე, რომ ის სპეციალობით ექიმი ყოფილა. კარგია ისიც, რომ მუზეუმში შესვლა უფასოა."

ნარიმან ნარიმანოვის სახლ-მუზეუმს რესტავრაცია “სოკარ ჯორჯიას” და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს დახმარებით ჩაუტარდა. სახლ-მუზეუმის დირექტორის, ლეილა ალიევას თქმით, მუზეუმის მიმართ დამთვალიერებლის ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება.