ნეტფლიქსი ბოლო რამდენიმე წელია მილიარდობით დოლარს ხარჯავს იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო სერიოზული პროდუქტი შესთავაზოს მაყურებელს. უნდა ვაღიაროთ, რომ მას ეს ძალიან წარმატებულად გამოსდის.

გარდა იმისა, რომ არხი საკუთარ, ორიგინალურ კონტენტს ქმნის, ხშირად ნეტფლიქსი სხვადასხვა ქვეყნის ფილმებსა თუ სერიალებზე დისტრიბუციის უფლებას ყიდულობს და თავის რამდენიმე ასეულ მილიონ მაყურებელს სთავაზობს.

გასულ წელს ნაყიდი ფილმების სიას პირველად მიემატა ქართული ფილმი - ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ტიტულოვანი "ჩემი ბედნიერი ოჯახი".

ნეტფლიქსზე პრემიერის შემდეგ ქართულმა ფილმმა კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები მიიღო და არაერთი სიის სათავეში მოექცა. მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" The Playlist-ის, The Wrap-ისა და IndiWire-ის 2017 წლის საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.

ახლახან კი ამ მართლაც დიდებულ სიას კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Vulture შეემატა, რომლის სიაშიც, ნეტფლიქსის საუკეთესო ფილმები, ნანასა და სიმონის ფილმი მეორე ადგილზეა.

სიაში სულ 100 ფილმი იყო და ქართულმა ფილმმა ისეთ კინოსურათებს გადაუსწრო, როგორებიც არის - Naked, Our Souls at Night, War Machine, Gerald’s Game, Before I Wake, First They Killed My Father, Mudbound, On Body and Soul, The Meyerowitz Stories. ერთადერთი ფილმი, რომელმაც ქართულ ფილმს აჯობა Okja იყო.

საკუთარ აღწერაში, Vulture-ის ჟურნალისტი წერს, რომ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ეს არის ფილმი იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი.