"სიკვდილი ამერიკას" - მსგავსი ლოზუნგის ფონზე ირანელმა დეპუტატებმა პარლამენტში ამერიკის დროშა დაწვეს. როგორც Associated Press წერს, დეპუტატების ქმედება ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკავშირდება.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიღებით ირანმა ბირთვული პროგრამა გააუქმა და საერთაშორისო სანქციები მოეხსნა. ტრამპი შეთანხმებას "ყველაზე ცუდ გარიგებას" უწოდებდა, რომელიც მხოლოდ ირანის სასარგებლოდ მოქმედებდა. აშშ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმების სხვა წევრი ქვეყნები ირანთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.

რა არის ირანის ბირთვული შეთანხმება

2015 წლის ივლისში ირანმა და ექვსი ქვეყნისგან შემდგარმა მოლაპარაკებების გუნდმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის სახელით არის ცნობილი (Joint Comprehensive Plan of Action). სხვანაირად მას ირანის ბირთვულ შეთანხმებას უწოდებენ. ამ შეთანხმებით თეირანის ბირთვული პროგრამის 12-წლიანი პრობლემა გადაიჭრა.

ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანს მოეხსნა სანქციები, რომელიც მის ეკონომიკას წლების განმავლობში აზარალებდა. შეთანხმების მიხედვით, ირანმა ცენტრიფუგების 2/3 გათიშა, გამდიდრებული ურანის 98 პროცენტი დაღვარა, პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორი ბეტონი გაავსო.