დღეს, 9 მაისს, ტრადიციულად ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, ერთმანეთი შეხედეს, საერთო პრობლემებზე ისაუბრეს და ომის თავგადასავლები გაიხსენეს.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცეს.

რამდენიმე ვეტერანმა ომში გადამხდარი ისტორიები On.ge-სთან საუბარში გაიხსენა.

"საბჭოთა არმიაში 1942 წლის 23 სექტემბერს გამიწვიეს. პირველად ნოროსისკის ფრონტში მოვხვდი და დამჭრეს. ბაქოში ვიწექი 6 თვე. იმის მერე ოთხჯერ დამჭრეს დიდ სამამულო ომში და ვერ მომკლა ჰიტლერმა, მაგის დედა ვატირე", - ივანე ლურსმანაშვილი, 94 წლის

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"44 წელს ტიფით ვიყავი ავად და ნატიფარი დაგვმბომბეს. იმ დღეს გარდაიცვალა ჩემი ორი თანამშრომელი და მე გადავრჩი, კედლების ქვეშ დამარხული. ექთანი ვიყავი ჰოსპიტალში, დაჭრილებს ვემსახურებოდი", - ნელი კუჭელიძე, 97 წლის.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"ყველაზე მეტად მახსოვს, ჯერ ჯარში გაწვევა და მერე მოქმედება. ეს იყო 1943 წელს. გაგრაში მოვხვდით, 3 თვე გვამზადებდნენ, პრაქტიკულად, ტაქტიკურად, ფრონტზე რომ წავსულიყავით. დნეპროპეტროვსკი იყო ჩემი პირველი ნათლობა ომში. გადათხრილი იყო ყველაფერი. ზამთარი იყო, თოვლი. მესამე უკრაინის ფრონტზე ვიბრძოდი ბოლომდე. 1950-ში დემობილიზაცია გამიკეთეს და მოვედი სახლში. ახლა ვარ 95 წლის და 9 დღის. ომიდან ჯანმრთელი ჩამოვედი. მანამდე მკერდში დამჭრეს, მაგრამ გადავრჩი, ეს იყო ბედნიერება რომ გულში არ მომხვდა. ისე ბევრი დავტოვე, მეგობრები, ამხანაგები, ფეხით გადავდიოდით გარდაცვლილებზე".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"ინგუშეთი რომ ავიღეთ, ქართველები მარტო ვიყავით. 72-ე დივიზიონი იყო ჩვენი, მაგარი მებრძოლები ვიყავით, სულ თავდასხმაზე მივდიოდით ხოლმე, მთელი ევროპა ხო შემოვიარეთ, მოლდოვეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ავსტრია და ვენა რომ ავიღეთ, იმ ადგილიდან საცა ჰიტლერი დაიბადა, 20 კილომეტრში ვიყავით", - ვახტანგ თავშავაძე, 95 წლის.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"ამიერკავკასიის სნაიპერთა სკოლაში გავდიოდით წვრთნას. 7 წელი გავატარე ჯარში და როგორც კი დავამთავრე ნაწილში გაგვანაწილეს. 1943-ში წავედით და ორწელიწადნახევარი მომიწია ომში ყოფნა", - გიორგი ზაქარიაძე, 93 წლის.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის.