მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორ JAMnews-ზე.

გარდაცვალების ყველა შემთხვევაში სცენარი თითქმის ერთი და იგივეა – ახალგაზრდები კლუბში გართობის დროს იღებდნენ ნარკოტიკს, შემდეგ მიდიოდნენ სახლში, იძინებდნენ და დილით ოჯახის წევრები მათ გარდაცვლილებს პოულობდნენ.

  • 26 აპრილს 22 წლის ახალგაზრდა კაცი თბილისის ერთ-ერთი კლუბიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა;
  • 28 აპრილს ახალგაზრდა გოგო ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა, დაიძინა და დილით იგი სახლში გარდაცვლილი იპოვეს;
  • 5 მაისს გამთენიისას, სამი ახალგაზრდა კაცი ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა. ოჯახის წევრებმა ისინი დილით გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილების მეგობრები ვარაუდობენ, რომ მათ ღამის კლუბში კლუბური ნარკოტიკის ნაცვლად მომწამვლელი ნივთიერება შეასაღეს.

კიდევ უფრო მეტია მათი რიცხვი, ვინც გაურკვეველი ნარკოტიკის მიღების შემდეგ საავადმყოფოში მძიმე ინტოქსიკაციით მოხვდა. ყველა პაციენტი, ვისი გადარჩენაც ექიმებმა მოახერხეს, საავადმყოფოში მიყვანის დროს კომაში იყო.

რამდენიმე ადამიანი ახლაც კომაშია და მათი მდგომარეობა მძიმეა.

ალადაშვილის კლინიკის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტელეკომპანია რუსთავი2-თან ადასტურებს, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გამო კლინიკაში მკურნალობას რამდენიმე პაციენტი გადის, თუმცა, მისი თქმით, მედიკოსები ვერ აკონკრეტებენ, რა ნივთიერებით მოხდა ინტოქსიკაცია.

"შემოსულია 8 პაციენტი, ყველასთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანი იყო ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, აღნიშნულის გამო ყველა მათგანი გადართული იყო მართვით სუნთქვაზე, რამდენიმე მათგანი გაეწერა, დარჩენილები კვლავ იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მათი მდგომარეობა მძიმეა", -აცხადებს ლევან რატიანი.

რა კლავს ადამიანებს

თავდაპირველად, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკი, რომელმაც სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა - ძლიერი ფსიქოსტიმულატორი - მეფედრონი იყო, რომელიც აბაზანის მარილის სახელითაცაა ცნობილი.

თუმცა, ნარკოლოგების ნაწილი ამბობს, რომ სიმპტომები, რომლებიც პაციენტებს აღენიშნებოდათ, მეფედრონს კი არა, ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკებს ახასიათებს, კერძოდ კი ნივთიერება ფენტანილს.

"მეფედრონი მასტიმულირებელი ნარკოტიკია და ძილიანობა არ ახასიათებს. ბინაში გარდაცვლილი ადამიანები სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალნენ. მეფედრონს და სხვა სტიმულანტებს პირიქით, უძილობა ახასიათებთ. ასეთი ტიპის სიმპტომები ოპიოიდებს აქვს”, - განმარტავს On.ge-სთან საუბრისას სამედიცინო ცენტრ ურანტის ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

იმავეს ამბობენ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლები.

"შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკები, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს… კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ფენტალინი, ჰეროინზე 50-ჯერ, ხოლო მორფზე 80-ჯერ ძლიერი ოპიატი", - აღნიშნულია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში.

საბოტაჟი

გარდაცვლილთა მეგობრები ჟურნალისტებთან ინტერვიუში აცხადებენ, რომ გარდაცვლილებმა ნივთიერება მიიღეს როგორც მსუბუქი კლუბური ნარკოტიკი (მაგალითად, MDMA) და არა როგორც მეფედრონი ან ფენტალინი.

მათი თქმით, ისინი მოატყუეს და გაურკვეველი ნივთიერება "შეასაღეს".

თეთრი ხმაურის მოძრაობა საერთოდაც საბოტაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში განგებ არის შემოყრილი მომწამვლელი ნარკოტიკები, რადგან ხელისუფლებამ უარყოფითად განაწყოს საზოგადოებრივი აზრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და დეკრიმინალიზიაციის ნაცვლად, ქვეყანაში კიდევ უფრო გაამკაცროს ნარკოპოლიტიკა.

"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის… მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ დივერსიას, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით", - აღნიშნულია თეთრი ხმაურის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან.

"ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ მეფედრონია ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით", - წერია განცხადებაში.

ნარკოტიკები ინტერნეტში, ბიტკოინებით იყიდება

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

გადაცემა პოსტ-სკრიპტუმის ჟურნალისტი რუსულენოვან საიტზე დარეგისტრირდა. საიტზე ყოფილი დსთ-ს ქვეყნების ჩამონათვალია - დილერები ამ ტერიტორიაზე მუშაობენ. იქვეა საქართველოც. ჩამონათვალში არა მხოლოდ თბილისი, არამედ საქართველოს რამდენიმე სხვა რეგიონიცაა.

განთავსებულია რამდენიმე დილერის განცხადება. მათ შორის, ერთ-ერთი 0,5 გრამ მეფედრონს ყიდის.

ანგარიშსწორება ხდება ბიტკოინებით, რაც გამსაღებელს ანონიმურობის გარანტიას აძლევს და ურთულებს საქმეს სამართალდამცავებს.

ჟურნალისტმა მიხეილ სესიაშვილმა ბიტკოინები გადარიცხა თუ არა, 15 წუთში საიტზე მიიღო შეტყობინება, რომ შეკვეთა მზადაა. მიიღო ჯიპიეს კოორდინატებიც - მეფედრონს თბილისის ცენტრში, გუდიაშვილის მოედანზე უნდა მიაკითხოს. გამოუგზავნეს სურათიც, თუ სად ინახება მეფედრონი.

დილერები "სუფთად" მუშაობენ - სურათის მეტამონაცემები გასუფთავებულია -დაუდგენელია, როდის და რა მოწყობილობით გადაიღეს ფოტო.

ჟურნალისტი დანიშნულ ადგილას მიდის. გუდიაშვილის მოედანი სავსეა ბავშვებით და ტურისტებით. გამოგზავნილი ფოტოს მიხედვით, პოულობს ძველ კონტეინერს და პატარა ღრიჭოდან გამოაქვს ყვითელ ქაღალდში შეხვეული, კანფეტის მსგავსი საგანი.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა საქმეში უკვე სამართალდამცავები ჩართო. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი მივიდა. ყვითელ ქაღალდში თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა ჯერჯერობით, ვერ დაადგინა ვინ დგას ნარკოტიკების ინტერნეტ-გაყიდვების უკან.

ვინ არის დამნაშავე და სად არის გამოსავალი?

უკვე წლებია საქართველოში მიდის დისკუსია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

საპროტესტო აქცია ბირჟა მაფიას წევრების დაკავებისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, თბილისი, 10 ივნისი 2017 წელი.

ფოტო: ლევან მიქაძე, JAMnews

ბოლო ერთი კვირაა ფეისბუქზე სწორედ ეს არის განხილვის მთავარი თემა. სატელევიზიო თოქ-შოუებიც ნარკოტიკების თემას ეძღვნება.

მკაცრი ნარკოპოლიტიკის მომხრეების არგუმენტია ის, რომ ლიბერალიზაცია და ხელმისაწვდომობა წაახალისებს მოხმარებას. მით უმეტეს, ისეთ ღარიბ ქვეყნაში, როგორიც საქართველოა, სადაც ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ტრადიციულად მაღალია.

ზოგი საერთოდაც, თბილისში ბოლო დროს მომრავლებული ღამის კლუბების დახურვის მოწოდებით გამოდის. მათი აზრით, ნარკოტიკებს კლუბებში ყიდიან და "რყვნიან ახალგაზრდობას".

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ღამის კლუბ ბასიანთან მივიდა და მისი დახურვა მოითხოვა.

ფოტო: ფეისბუქი

აზრთა სხვადასხვაობაა მეორე ბანაკში - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა რიგებში.

ისინი თანხმდებიან, რომ ნარკოტიკები ლეგალური უნდა იყოს და მათ გამო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ, თუმცა სხვადასხვაგვარად უყურებენ პასუხისმგებლობის საკითხს.

მოსაზრება პირველი: ლიბერალიზაციის მომხრეთა ერთი ნაწილი, მაგალითად, თეთრი ხმაურის მოძრაობა, მიიჩნევს, რომ მომხდარ ტრაგიკულ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლება და ის მკაცრი ნარკოპოლიტიკაა, რაც ქვეყანაში არსებობს. მათ მიაჩნიათ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემთხვევაში, სახელმწიფოს შეეძლება უკეთ გააკონტროლოს, რა ხარისხის პროდუქცია შემოდის ნარკობაზარზე, რაც უბედური შემთხვევების რიცხვს შეამცირებს.

"ქვეყანაში გვაქვს საგანგებო ვითარება, სახელმწიფო კი დუმს. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე", – ვკითხულობთ ამ ორგანიზაციის განცხადებაში.

მოსაზრება მეორე: ლიბერალიზაციის მომხრეთა მეორე ნაწილი ნარკოტიკებით გარდაცვალების შემთხვევებში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული შეამოწმოს რა ხარისხის ნარკოტიკები იყიდება. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ლიბერალიზაცია ნარკოტიკებით გარდაცვალების შემთხვევებს არ შეამცირებს და ამ არგუმენტს პოპულისტურს უწოდებენ.

მათი არგუმენტი ასეთია: ნარკოტიკები ლეგალური უნდა იყოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენზე სახელმწიფომ უკეთ იზრუნოს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანების ნებაა, თავს რით დაიზიანებენ. სახელმწიფოს ბრალი მხოლოდ ისაა, რომ ნარკომომხმარებლები ციხეში ხვდებიან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო. ის რომ ეს ხალხი თავს ზიანს აყენებს - სახელმწიფოს ბრალი არაა, ფიქრობენ ისინი.

მოსაზრება მესამე: ლიბერალიზაციის მომხრეთა მესამე ნაწილი არ ეთანხმება თეთრი ხმაურის მოძრაობას, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ნარკოტიკების ხარისხის კონტროლზე. ისინი ასევე არ ეთანხმებიან მეორე ჯგუფის მოსაზრებას, რომ ლეგალიზაცია სიკვდილიანობას არ შეამცირებს.

მათი არგუმენტი ასეთია: ნარკოტიკების გამო ყველა ქვეყანაში იღუპებიან ადამიანები, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც ნარკოტიკები დეკრიმინალიზებულია, გარდაცვლილთა რიცხი ბევრად მცირეა. ისინი ფიქრობენ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემთხვევაში, ბაზარი, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, თავად შეძლებს საკუთარი თავის გაკონტროლებას - კონკურენციის პირობებში დილერები ხარისხზე იზრუნებენ და მსუბუქი კლუბური ნარკოტიკი მყიდველს, არ შერჩება ხელში მძიმე სინთეტიკური ოპიატი.