მეტროსადგურ გურამიშვილზე მგზავრთა მიღება განახლდა. თბილისის მერიის ცნობით, სადგურზე ნაწილობრივ დასრულდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი.

მერია აცხადებს, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით.

ასევე, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიცვალა მეტროსადგურის შესასველი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები და დაამონტაჟეს მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები.

მერიის ცნობით, ქვედა ბაქანის სარემონტო პროცესი მხოლოდ ღამის საათებში გაგრძელდება.

მეტროსადგური გურამიშვილი 15 მარტს უნდა გახსნილიყო, თუმცა გახსნის თარიღმა ერთი თვით გადაიწია.

სატრანსპორტო კომპანია მაშინ აცხადებდა, რომ თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

მეტროსადგურ ვარკეთილში, რომლის ჭერიც მიმდინარე წლის 30 იანვარს ჩამოინგრა, მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა.