რუსი ოპოზიციონერი და აქციების ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, მსვლელობაზე გამოსვლისთანავე დააკავეს. BBC-ის ცნობით, მასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით აქციის მონაწილეა დაჭერილი.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ნავალნის მომხრეები აქციებს მართავენ და ვლადიმერ პუტინის მეოთხე ვადით გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ.

მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში გამართული აქციები ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო.

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე შეკრებილი ხალხი სკანდირებს სლოგანს: "რუსეთი პუტინის გარეშე", "ის ჩვენი მეფე არ არის".

აქციები პუტინის მორიგ ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე იმართება. ღონისძიება 7 მაისს არის დაგეგმილი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკში 150 დემონსტრანტია დაკავებული, იაკუცკში კი -75.

ხელისუფლების განცხადებით, მათ გააფრთხილეს ოპოზიციის მხარდამჭერები, რომ დააკავებდნენ, თუკი კრემლის სიახლოვეს არასანქცირებულ აქციას ჩაატარებდნენ.

2012 წელს, პუტინის მესამე ინაუგურაციამდე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე მათგანს გრძელვადიანი სასჯელი მიუსაჯეს.

18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა პირადი რეკორდი დაამყარა და ხმების 76,65 პროცენტი (55,7 მილიონი) მიიღო.