არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობა საქართველოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვს. ამ მიზნით ორგანიზაციამ პეტიცია გაავრცელა.

პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მათი უფლებების დამცველია.

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, საქმიანობის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, ჩაგრული ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან", - ნათქვამია პეტიციაში.

თანასწორობის მოძრაობის პოზიციით, მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი.

"კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება ჩაგრული ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პეტიციაში ნათქვამია, რომ კილაძის განცხადებები სიძულვილით არის სავსე და მიმართულია სხვადასხვა ჯგუფის ჩაგვრის გამართლებისკენ.