ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა

ელჩის განმარტებით, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის საუკეთესო თანამშრომლობა არის ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე, და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შესაბამის ფორმატებში.

ტელეკომპანია 25-მა გაავრცელა თურქეთის გენერალური კონსულის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

იასინ თემისქანი განმარტავს, რომ სასწავლო დაწესებულებას ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ, შესაბამისად იქ ბავშვები მათივე იდეოლოგიის ქვეშ იზრდებიან. კონსული ირწმუნება, რომ ტერორისტ ფეთულა გიულენის ორგანიზაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი აქვს.

აღნიშნული ტელეკომპანიის ინფორმაციით, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ იქ საეჭვო ტენდენციები თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტების მუშაობაში არ შეუნიშნავს.