8 ივნისს სანდრა ბულოკის მონაწილეობით ოუშენის რვა მეგობარი გამოდის. ბულოკის გარდა, ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის წამყვანი ქალი მსახიობები - ქეით ბლანშეტი, სარა პოლსონი, ჰელენა ბონემ კარტერი და ენ ჰეთეუეი ასრულებენ.

მანამ სანამ ფილმი ეკრანზე გამოვა, სანდრა ბულოკმა Instyle-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და მათ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

"გადაღებებს შორის შესვენებების დროს მე და ქეითი გამუდმებით ჩვენს შვილებზე ვსაუბრობდით. რა სჭირდებოდათ, რა უნდა გვეყიდა მათთვის და რაც მთავარია, როგორ უნდა მოგვეხერხებინა, რომ უფრო მეტ ხანს გამოგვეძინა", - ამბობს სანდრა.

კიდევ უფრო სახალისო აღმოჩნდა სანდრა ბულოკისთვის სარა პოლსონთან თანამშრომლობა.

"ჩემი და სარას მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი გამოვა შემდეგ წელს. ძალიან სახალისოა მასთან ურთიერთობა. ხანდახან იმდენს ვიცინოდით, რომ მოსასულიერებლები ვხდებოდით. სიცილისგან ვტიროდით და ვაღიარებ, მივხვდი, რომ სარაზე დამოკიდებული გავხდი, ძალიან მიყვარს", - იხსენებს ბულოკი.

ოსკარის მფლობელმა მსახიობმა Time’s Up-ზეც ისაუბრა, რომელსაც ნახევარი მილიონი დოლარი გადაურიცხა.

"ეს მოძრაობა უკვე გასცდა კინოინდუსტრიას და ყველა სფეროს შეეხო. ძალიან მეამაყება, რომ ვიცნობ ხალხს ვინც გაბედა და ამ საშინელი ისტორიების წინააღმდეგ ხმა ამოიღო. ყველაფერს ვიზამ, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ გამეორდეს, ვთვლი, რომ ეს ჩემი მოვალეობაა. არასდროს მითქვამს, მაგრამ ვაღიარებ, რომ 16 წლის ასაკში ჩემზეც იძალადეს. ვისაც ეს არ გადაუტანია, წარმოდგენაც კი არ აქვს რა რთულია ყველაფერი გადახარშო და დაძლიო. დიდხანს ვფიქრობდი უნდა მეთქვა თუ არა ეს ხმამაღლა, მაგრამ მაშინ 16 წლის ვიყავი და ვიცოდი, რომ არავინ დამიჯერებდა. ახლა დროა ეს შიში გაქრეს, ახლა სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და მეც ჩემს შვილებს ვზრდი ისე, როგორც ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანს, რომელსაც საკუთარი სიმართლის თქმის არ უნდა შეეშინდეს", - ყვება სანდრა ბულოკი.

"უკვე 53 წლის ვარ. ხანდახან რომ ვფიქრობ რამდენი დრო დავკარგე ბევრ სისულელეში, ამაზე ვბრაზობ, თუმცა შემდეგ ვხვდები, რომ მაშინ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებდი და შესაბამისად, არ უნდა ვინანო, რადგან მაშინ ასეთი ვიყავი. ასაკის მატებასთან ერთად, ერთადერთი რაც ბედნიერებას მანიჭებს იმის ყურებაა თუ როგორ იზრდებიან ჩემი შვილები, მინდა რომ ჯანმრთელები, ბედნიერები და კეთილები იყვნენ, მინდა რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ და იცოდნენ, რომ დედა ყოველთვის მათ გვერდით იქნება", - ამბობს სანდრა ბულოკი.