ქეით ბლანშეტი წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია. ის ფესტივალის 71-წლიან ისტორიაში, რიგით მე-12 ქალი იქნება, ვინც ამ საპატიო ადგილს დაიკავებს.

ავსტრალიელმა მსახიობმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ინტერვიუ Variety-ს მისცა და მათ ახალ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ბლანშეტმა ინტერვიუში კარიერისა და კინოფესტივალის გარდა, ვუდი ალენისა და ჰარვი ვაინშტაინის შესახებაც ისაუბრა. მსახიობი იმედს გამოთქვამს, რომ ჰარვი ციხეში აღმოჩნდება.

"სიმართლე გითხრათ, არასდროს მომნდომებია ჰარვისთან მუშაობა, მას ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ - ქეით, ჩვენ მეგობრები არ ვართ. ძალიან გამიკვირდა, როდესაც Carol-ის რეჟისორმა ფილმის პროდიუსერად ის აირჩია, ეს მხოლოდ შუა გადაღებების დროს გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ ჰარვის მიმართ დადებითად არასდროს ვიყავი განწყობილი, ის ყველაფერი რაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ჩემთვის მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის ასეთი ნაძირალა იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ მას გაასამართლებენ და ციხეში დიდი ხნით ჩასვამენ", - ამბობს ბლანშეტი.

ქეითმა ისიც აღნიშნა, რომ ფემინისტია და მხარს უჭერს ქალთა უფლებებს.

"დიახ, მე ფემინისტი ვარ და ეს ახალი ამბავი არ არის. ჩვენს ეპოქაში ამის თქმა აუცილებელიც კია. არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც ამ სიტყვას სტიგმებით გარშემორტყმული უყურებენ და ამ ქმედებით პატრიარქატს კიდევ უფრო აძლიერებენ", - ყვება ინტერვიუს დროს ქეითი.

ოსკარის მფლობელი მსახიობი აღნიშნავს, იმასაც, რომ მოვიდა დრო ქალებსა და კაცებს გაწეული სამსახურისთვის თანაბარი ანაზღაურება მისცენ.

"ხშირად გამიგია ჩემი კოლეგა ქალებისგან, რომ როდესაც მათ მოითხოვეს ჰონორარის გაზრდა, უთქვამთ - ამას როგორ ბედავ. თუმცა კაცების მისამართით მსგავსი არაფერი მომხდარა. მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ, არავის აქვს უფლება გაწეული ძალიან მძიმე სამუშაოსთვის ნაკლები გადაგიხადოს", - ამბობს ქეითი.

ავსტრალიელმა მსახიობმა სექსუალური შევიწროების საკუთარი მაგალითებიც გაიხსენა.

"კარგით, ასე ვიტყვი - ამ ინდუსტრიაში იშვიათია ქალი, ვისაც რაიმე დოზით ეს არ გამოუცდია. მიხარია, რომ როგორც იქნა დადგა, ის დრო, როცა ქალების ხმა ისეთი ძლიერი და ძლევამოსილია, როგორიც არასოდეს", - ამბობს ოსკაროსანი მსახიობი.

ჰარვი ვაინშტაინის გარდა, ინტერვიუ ვუდი ელენსაც შეეხო. ქეითმა მის ფილმში "Blue Jasmine" შესრულებული როლისთვის მეორე ოსკარი მიიღო.

"ძალიან ვწუხვარ, რომ დილან ფეროუს ისეთ სამყაროში უწევს ცხოვრება, რომელიც სავსეა ტანჯვით. რაც შეეხება იმას, ვიმუშავებ თუ არა ოდესმე ისევ ვუდისთან ან ჰარვი ვაინშტაინთან, გეტყვით, რომ მჯერა - ჰარვი ვეღარასდროს, ვერავისთან ერთად გააკეთებს ფილმს. ვიმუშავებდი თუ არა ისევ ვუდი ალენთან? სიმართლე რომ გითხრათ, მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. ის ქალებისთვის ყოველთვის საინტერესო პერსონაჟებს ქმნის. მაგრამ უნდა ვაღიარო ისიც, რომ სამწუხაროდ, არაფერი ვიცოდი იმ ამბავზე რაც შემდეგ და შემდეგ გასაჯაროვდა და ამას ძალიან განვიცდი. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ ჩვენს ინდუსტრიაში ბევრი ადამიანია, ვისთან მუშაობაც ადამიანმა შეიძლება აღარ მოინდომოს", - ამბობს ქეითი.