ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ლახავს თუ არა პრეზერვატი აიისა თავისი შეფუთვით მართლმადიდებლების რელიგიურ გრძნობებს. საუბარია ორ სხვადასხვა შეფუთვაზე, სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი.

სასამართლომ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაუგზავნა. თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ პრეზერვატივ აიისას არასათანადო და არაეთიკური რეკლამა აქვს. აიისას მფლობელის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს.

თბილისის მერიამ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლით გამოწერა. ამ მუხლით ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი - 3 000 ლარით ჯარიმდება.

კომპანიასთან დაკავშირებით თბილისის მერიას ქართულმა იდეამ მიმართა.

"განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს", - ვკითხულობთ ქართული იდეის მიერ თბილისის მერიისთვის მიწერილ წერილში.