ქართული ოცნების დეპუტატი, გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ჭარბი წონის რეგულირებაზე ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და უცხოელ ექსპერტებს შევხვდებიან. მისი თქმით, ჭარბ წონასთან დაკავშირებით, მისი იდეას ჯერ საკანონმდებლო სახე არ აქვს.

"უნდა გავიგოთ საჭიროა თუ არა საკანონმდებლო ინიციატივა, შეიძლება თუ არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე იყოს ეს, თუ საჭიროა პროპაგანდა და კამპანია. ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემა ჩემთვის ახლა არის აქტუალური", - განუცხადა On.ge-ს გუგილი მაღრაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ მას ჭარბჭონიანობასთან დაკავშირებით დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება არ გაუვცელებია.

"რატოა დისკრიმინაციული, მე ხომ იმას არ ვამბობ ჭარბწონიანობის გამო ადამიანები ან სამსახურში არ უნდა მიიღონ ან რამე მსგავსი. მე ვამბობ, რომ პირიქით უნდა დავეხმაროთ ადამაინებს, რომ ჭარბწონიანობა არ იყოს მათი ჯანმრთელობისთვის და შრომისუნარიანობის დამაქვეითებელი ფაქტორი. მე, როგორც დეპუტატი, ორიენტირებული ვარ ისეთი პრობლემების გადაწყვეტაზე, რასაც სამომავლოდ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს".

დეპუტატი განმარტავს, რომ ტკბილეულის გაძვირების მიზეზს და პრინციპსაც. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ადამიანებს ჯანმრთელად იკვებონ:

"სიგარეტზე ხომ არის აქციზი. შეიძლება, მაგალითად, ტკბილეული ნაწარმი უფრო ძვირი ღირდეს ვიდრე ნატურალური ნაწარმი, ვიდრე ხილი. იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს უფრო მეტად ისეთი საკვები აირჩიონ, რაც უკეთესია მათი ჯანმრთელობისთვის".

გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ჭარბწონიანობა მთელ მსოფლიოში პრობლემაა და საჭიროა მასთან ბრძოლა ადრეული ასაკიდან დაიწყოს:

"ე.წ "ობესიტი" ანუ ჭარბწონიანობა მთელ მსოფლიოში არის პრობლემა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. იმიტომ, რომ ახალგაზრდა ასაკიდან ჭარბწონიანობა იწვევს ისეთ გადაგვარებას ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ძალიან რთული ჯანმრთელობის დარღვევაა. ეს დაკავშირებულია შრომისუნარიანობის დაქვეითებასთან, ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებთან და ა.შ. აუცილებელია პრობლემას თავიდანვე ვებრძოლოთ".