მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, პირველ მაისს, პროფკავშირები ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით ღირსეული და უსაფრთხო შრომისთვის მსვლელობას აწყობენ.

"რთულ მომენტებში არავის სურს გაიზიაროს ან თუნდაც გაიაზროს ის, მძიმე ტვირთი, რასაც პროფკავშირული ნიშნით დევნა ჰქვია, არავინ იცავს დასაქმებულთა მიერ შექმნილ ორგანიზაციას გარდა თავად მშრომელებისა, არავინ ცდილობს ჩვენი მოთხოვნების და იდეების ღირსეულ ლობირებას სხვადასხვა პოლიტიკურ სივრცეში თუ საზოგადოებრივ დისკუსიებში", - ნათქვამია ღონისძიების მიმართვაში.

2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 - მძიმედ დაშავდა.

პირველ მაისს მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ადამიანები, თავისი შრომითი უფლებების დაცვისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით მე-19 საუკუნის ბოლოდან აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.

საპირველმაისო მანიფესტაციის დროს პროფესიული კავშირები კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ ქვეყანაში შრომითი და სოციალური სფეროების რეფორმირება განხორციელდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებით, ყურადღება გამახვილდეს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხებზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და კონვენციების რატიფიცირების საკითხებზე.