შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში, ორი ადამიანი იპოვეს სახლში გარდაცვლილი. სავარუდოდ, ორივე მათგანი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების შედეგად დაიღუპა. მათგან ერთი გოგოა, მეორე - ბიჭი. ამჟამად, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც დაადგენს გარდაცვალების ზუსტ მიზეზს. შსს-ში აცხადებენ, რომ სხვა გარდაცვლილებზე მათთან ინფორმაცია არ შესულა.

საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი. ის ადასტურებს, რომ კლუბის ტეტიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის მეფედრონით ზედოზირების შემთხვევა:

"კლუბის წარმომადგენლების დროული დახმარებით ფატალური შედეგი ავიცილეთ, საბედნიეროდ ამ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებათ".

ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა სიტუაციებში და ადგილებში ამ ნივთიერებისგან მოწამლული ადამიანები კლინიკებში დღემდე იმყოფებიან.

ის მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს დროში მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები ჯანდაცის საკითხების მიმართულებით და დაიბლოკოს ის ვებ-საიტები, საიდანაც ეს კონკრეტული ნივთიერება ხელმისაწვდომი გზებით ვრცელდება.

პოლიტიკური გაერთიანება ქართული დასის თავმჯდომარე, ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, თბილისში, უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა "კლუბური ნარკოტიკით".