44 ევროდეპუტატი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაკისრებას ითხოვს. ამის შესახებ იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ევროდეპუტატებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინს მიმართეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, ოკუპირებული აქვს, როგორც უკრაინის ისე საქართველოს ტერიტორიები და არღვევს საერთაშორისო სამართალს.

"პუტინი აგრძელებს ასადის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერას და ხელს უშლის ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიებას სირიასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. კრემლი აგრძელებს დემოკრატიული ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები განცხადებაში რუსულ პროპაგანდასა და კიბერომზე საუბრობენ. ოფიციალურ წერილში საუბარია სკრიპალების მოწამვლის ფაქტზეც, რომელშიც ბრალი რუსეთს ედება.

ევროდეპუტატები მიმართავენ ევროკავშირს გამართოს შიდა კონსულტაციები და შეთანხმდნეს დამატებით სანქციებზე.

"თუ ჩვენ დავდგებით ერთად, როგორც გაერთიანებული ტრანსატლანტიკური საზოგადოება, შევძლებთ შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ადმინისტრაციის ქმედებებს და შევინარჩუნოთ ჩვენი ღირებულებები, დემოკრატია და თავისუფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: Facebook / Tamara Nutsubidze