პლატფორმა "არა ფობიას!" მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის ინიციატივა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის" სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან. მათივე განცხადებით ეს საზოგადოების კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობაა.

"განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრები იზიარებენ პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. გავრცელებული ინფორმაციით კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შემუშავებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან", - აღნიშნულია "არა ფობიაა!" განცხადებაში.

პლატფორმის წევრები აღნიშნავენ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლს (24-ე მუხლი), რომელითაც გამოხატვის თავისუფლება მაშინაც კი, თუ ის ვინმესთვის შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელია დაცულია;
  • არ შეესაბამება არც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთხელ უთქვამს, რომ დაცულია ისეთი გამოხატვის ფორმებიც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს;
  • რეგულაციისა თუ პასუხისმგებლობის ზომის მთავარი ადრესატები პირველ რიგში საზოგადოების ის ჯგუფები უნდა იყვნენ, რომლებიც განიცდიან ჩაგვრასა და დისკრიმინაციას უმრავლესობის მხრიდან. საპირისპიროდ, შემოთავაზებული ინიციატივით დასჯადობის შემოღების მთავარ მიზანს საზოგადოებაში დომინანტური რელიგიური გაერთიანების- მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული კრიტიკის ჩახშობა წარმოადგენს.

"ამდენად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ყურადღება მიაქციოს როგორც კონსტიტუციურ ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას არც ამ და არც რაიმე სხვა ფორმით", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI);
  • შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო;
  • კონსტიტუტიიც 42-ე მუხლი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).