Freedom House-ის კვლევაში მსოფლიო პრესის თავისუფლების მდგომარეობა 2017-2018 აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს სპეცსამსახურების აშკარა დახმარებით გაიტაცეს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის შესახებაც. Freedom House წერს, რომ ოპოზიციური ორიენტაციის ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის საკუთრებაზე მიმდინარე სამართლებრივმა დავამ საქართველოს მედიალანდშაფტი შეცვალა, რამაც კომპანიის ფინანსური სირთულეები გამოიწვია.

მსოფლიო პრესის თავისუფლების მდგომარეობა 2017-2018 - ამ სახელწოდების კვლევა Freedom House-მა თავის წინა კვლევითი პროექტებიდან (Freedom in the World, Freedom on the Net, და Nations in Transit) მიღებული მიგნებებით შეადგინა. კვლევა აჩვენებს, რომ მედია მსოფლიოს ყველა რეგიონში ზეწოლას განიცდის, კეთილსინდისიერ ჟურნალისტებს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, თუნდაც ყველაზე მტრულად განწყობილ გარემოში.