ავსტრალიის დედაქალაქ კანბერა მცხოვრებმა ოჯახმა, ინდონეზიაში დაგეგმილი დასვენება გააუქმა, თუმცა მშობლების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო 12 წლის ბიჭმა, ჩუმად მათი საკრედიტო ბარათი გამოიყენა და კუნძულ ბალიზე მარტო გაფრინდა.

სიდნეიდან ბალიმდე 4 641 კილომეტრია.

მოგზაურობისთვის მან მხოლოდ საკუთარი პასპორტი და სკოლის ID ბარათი გამოიყენა.

დაკარგული ბიჭი ინდონეზიის კუნძულზე 17 მარტს აღმოაჩინეს. ის 9 დღის გაუჩინარებული იყო, თუმცა უცნობია, კუნძულზე რამდენი დღე გაატარა.

არასრულწლოვანის სახელს მედია არ ახმაურებს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, სულ მინდოდა ასეთი თავგადასავალი. აეროპორტში მხოლოდ ჩემი სკოლის ბარათი და პასპორტი მთხოვეს", - ამბობს პატარა მოგზაური. მისი სიტყვებით, სასტუმროში დაბინავებისას მან მომსახურე პერსონალს განუცხადა, რომ უფროს დას ელოდებოდა.

მშობლებთან დაბრუნებამდე, ბიჭი ბავშვთა დაცვის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ბიჭის დედა ამბობს, რომ ის შოკირებული იყო, როცა გაიგო, რომ მისი შვილი ამდენად შორის იყო მარტო წასული:

"როდესაც გავიგეთ, რომ ის ოკეანის მეორე მხარეს იყო, გაოცებისგან ვეღარაფერს ვგრძნობდით".

ავსტრალიის პოლიცია აპირებს გამოიძიოს ყველა დეტალი, თუ როგორ მოხვდა 12 წლის ბიჭი მარტო კუნძულ ბალიზე, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები აირიდოს.

"საერთაშორისო ფრენის დროს, შესაბამისი ზომები არ მიიღეს, რომ ეს ბიჭი დაეცვათ", - ამბობს ავსტრალიის პოლიციის პრესსპიკერი.

საერთაშორისო ფრენების დროს, არსებობს პროცედურები, რომლის დაცვითაც არასრულწლოვანს მარტო ფრენა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ეს პირობები არ შესრულდა.