დამოუკიდებელი უკრაინელი ექსპერტები ტყიბულის შახტის მონიტორინგს განახორციელებენ და მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე, დასკვნას დადებენ. ამის შესახებ On.ge-ს საქართველოს პროფკავშირების წევრმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

ექსპერტები საქართველოში პროფესიული კავშირების მოწვევით ჩამოვიდნენ.

"ეს ადამიანები კონკრეტულად სამთო მრეწველობის სფეროს სპეციალისტები არიან. მათ იციან, როგორ უნდა ჩაატარონ და წარმოადგინონ კვლევა", - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

მისი განმარტებით, ექსპერტები ტყიბულის შახტში ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ და რამდენიმე დღეში საბოლოო დასკვნას გამოაგზავნიან.

ქართველი შრომის ინსპექტორები, რომლებმაც ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შემთხვევის ადგილი შეისწავლეს, თამაზ დოლაბერიძის თქმით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 6 მუშა დაიღუპა, 3 დაშავდა. შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: